წლიურმა ინფლაციამ 3,4 % მიაღწია, თუმცა სამიზნე მაჩვენებელს თითქმის ორჯერ ჩამორჩება. შარშანდელათან შედარებით ყველაზე მეტად 9%–ით სურსათი გაძვირდა. მეორე ადგილზე კი ჯანდაცვა, მედიკამენტები დაწინაურდა. სამაგიეროდ, ჩაცმის მოყვარულებს გაუმართლათ, რადგან გაიაფდა ტანსაცმელი. უფრო დეტალურად საქსტატის ანგარიში,,ბიზნესკონტაქტში’’.

 

მოქმედი მთავრობის მოსვლის ერთ–ერთი ძირითადი დაპირება იყო ფასების შემცირება, რომელიც ერთი შეხედვით ჰუმანური იდეაა, მაგრამ   პრაქტიკაში ქვეყანას დიდად არ წაადგა. დაბალ ინფლაციას მთავრობები უფრო მეტად უფრთხიან, ვიდრე მაღალს, რადგან დაბალი ფასების  პირობებში მეწარმეებს პროდუქციის გამოშვების ინტერესი აღარ აქვთ, ეკონომიკური აქტივობა ეცემა და საერთოდ დეფლაცია კრიზისის ნიშანია. შეასაბამისად, მთავრობამ გასულ წელს თავისი პოლიტიკა შეცვალა და წელს უკვე ინფლაციის რაციონალური მაჩვენებელი 6 % დაგეგმა.

 

თუმცა, ოქტომბერი გავიდა და 3 % ძლივს მიაღწია. თუ შევადარებთ გასული წლის ტენდენციას, გასულ წელს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იყო. თუ დეტალურად ჩავხედავთ სტატისტიკას, ინფლაციაზე გავლენა ყველაზე მეტად სურსათის გაძვირებამ მოახდინა, რომლის ფასები როგორც ვახსენეთ 9 % –ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. მაგალითად, საზამთრო გაძვირდა ორნახევარჯერ. 40 – 50 % –ით მოიმატა ბოსტნეულის ფასებმა, რძის და ხორცის პროდუქტებმა. ძირითადად ეს განპირობებული იყო არახელსაყრელი კლიმატის, ანუ გვალვის გამო.

 

,,მორწყვის შესაძლებლობა რომ გვქონოდა თავის დროზე ხარისხიც და მოსავალი უფრო კარგი იქნებოდა. სამწუხაროდ, წელს დიდი სიცხე იყო, 10 ტონა კარტოფილის ნაცვლად, 5 ტონა მივიღეთ. ძლივს ვფარავთ დანახარჯებს,’’ ,,4 ტონა სათესლე მასალა დავთესე ერთ ჰექტარზე და მხოლოდ 5 ტონა ავიღე. არადა, კილოგრამში თითქმის 3 ლარი მივეცი.წელს ძალიან დავზარალდი, ცუდი მოსავალი მოვიდა. მაშინ, როდესაც შარსან 30 ტონა კარტოფილი ავიღე,’’–აცხადებენ მცირე მეწარმეები.

 

მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფი, სადაც ფასების ზრდა დაფიქსირდა ეს ჯანდაცვაა. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს შარშანდელთან შედარებით 13 % -ით გაძვირდა სისხლძარღვთა გასაფართოებელი მედიკამენტები, ეგრეთწოდებული წნევის წამლები, დაახლოებით ამდენივე %-ით მოიმატა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა, 11 %-ით გაძვირდა საჭმლის მომნელებელი პრეპარატები, ასევე გაძვირდა ვიტამინები, ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები და ა. შ. ანუ პრაქტიკულად, ოფიციალურად დასტურდება, რომ მედიკამენტები გაძვირდა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი სავაჭრო ქსელები ამას დაბეჯითებით უარყოფდნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში.

 

,,ისეთი ქსელები, როგორც ჩვენა ვართ ,,ჯიპისი’’, მსხვილი ქსელი რაც არის ფასების გაძვირებას არ ახდენს. ერთადერთი მომხმარებელს ფასი შეიძლება გაზრდილი დახვდეს დაუშვათ კერძო აფთიაქში, სადაც რეცეპტზე მაინდამაინც არ გაუმახვილებენ ყურადღებას და ცოტა ძვირად მისცემენ მედიკამენტს,’’- განაცხადა კომპანია ,,ჯიპისის’’ გენერალურმა დირექტორმა დავით კილაძემ.

 

,,ძალიან ბევრი აფთიაქი დღეს ყიდის ურეცეპტოდ. ეს აფთიაქები სარგებლობენ იმ უპირატესობით, რომ ისინი მომხმარებელს აძლევენ წამლებს ურეცეპტოდ და ამიტომ ყიდიან გაცილებით ძვირად. ზოგჯერ ორჯერ უფრო ძვირადაც, ვიდრე მსხვილი სააფთიაქო ქსელები. ეს ფაქტი სამწუხაროდ არსებობს. ,,ავერსის’’ არცერთ კლინიკაში და მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს და არც სხვა კლინიკებში არანაირი გაძვირება მომსახურების არ მომხდარა,’’-გვითხრა კომპანია ,,ავერსის’’ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ.

 

სამაგიეროდ გაიაფდა ტანსაცმელი. იმ მოქალაქეებს, ვისაც განსაკუთრებით მოსწონს გარდერობის გადახალისება, 13-დან 18 %-მდე გაიაფდა, როგორც  ფეხსაცმელი, ასევე ტანსაცმელი, განსაკუთრებით ქალბატონების ტანსაცმელს შეეხო ეს ტენდენცია, რაც კონკურენციას უკავშირდება. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ცნობილი ბრენდი შემოვიდა ბაზარზე. ასევე გაზრდილი კონკურენციის შედეგია მობილური ტელეფონების 17 %-იანი გაიაფება, 16 %-ით გაიაფდა თვითმფრინავებით მგზავრობის საფასურიც.

 

აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოსგან განსხვავებული მდგომარეობაა, უკრაინაში ინფლაციის დონემ კატასტროფულ მაჩვენებელს 19 %-ს მიაღწია, ბელორუსში – 18 %, სავალუტო ფონდის პროგნოზით უზბეკეთში 11 % იქნება, რუსეთში კი – 9 %, რაც ჩვენთვისაც არახელსაყრელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე ამ ქვეყნებში გადის და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდება და ინფლაციას ეს ახლავს ხოლმე, ამ შემთხვევაში გაუჭირდებათ ჩვენს კომპანიებს თავისი პროდუქციის რეალიზაცია. რაც შეეხება საქართველოს, მომავალ წელს ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი 5 %-იან ზრდას გვიწინასწარმეტყველებს, თუ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური რყევები აღარ იქნება ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც, როგორც წესი ეკონომიკაზე საკმაოდ მკვეთრი გავლენა აქვს ხოლმე და ნეგატიურიც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ.

წყარო: commersant.ge     08.11.2014