საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოდგომიდან გაძვირდება. ცვლილება ძირითადად მიკროავტობუსებს და ტაქსებს შეეხება. დედაქალაქის წამყვან ავტოსადგურებში აცხადებენ, რომ ტარიფის გადახედვას არ გეგმავენ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრებს ტარიფი არ გაუძვირდებათ. შიდასაქალაქო მიკროავტობუსების მძღოლები ირწმუნებიან, რომ მგზავრობა რამდენიმე თვეში გაძვირდება. ჯერჯერობით კი ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელი მოთხოვნის კლების გამო მოქმედ ტარიფს შემოდგომამდე შეინარჩუნებენ. ასეთი გადაწყვეტილება მძღოლებმა, როგორც ისინი ამბობენ, გაზისა და თხევადი საწვავის გაძვირების გამო მიიღეს. გარდა ამისა, მოიმატა სათადარიგო ნაწილების ფასმაც, რამაც დამატებითი პრობლემა შექმნა.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერია მათი ახლით ჩანაცვლებას გეგმავს. თბილისის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ავტობუსების ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება, თუმცა კონკრეტულად როდის გამოჩნდება თბილისის ქუჩებში იაპონური ჰიბრიდული ავტობუსები, ამის შესახებ ინფორმაცია არ კონკრეტდება. მერიაში ამბობენ, რომ კომფორტული ავტობუსების შემოყვანის მიუხედავად, მგზავრობის საფასური არ გაძვირდება. განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ყვითელი ავტობუსის მძღოლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ახალი ტრანსპორტის შემოყვანის პარალელურად, მერია მგზავრობის 20 თეთრით გაძვირებას გეგმავს.

ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია მგზავრობის მოსალოდნელ გაძვირებას ლარის გაუფასურებას უკავშირებს. მისი განცხადებით, ტარიფი სექტემბრიდან მოიმატებს. “ლარის გაუფასურებამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მიკვირს კიდეც, რომ ტარიფის შენარჩუნება დღემდე მოახერხეს. ვინც უნდა ისაუბროს, რომ ტრანსპორტი არ გაძვირდება, ცვლილება გარდაუვალია. მოსახლეობას ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის, მაგრამ რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც თვითღირებულებაზე მუშაობენ და ზარალდებიან? მერიას გარკვეული ბერკეტი აქვს, რომ ყვითელი ავტობუსი მომხმარებლისთვის არ გაძვირდეს, მაგრამ კერძო კომპანიებს ვერავინ დაავალდებულებს, რომ ძველი ტარიფით მოემსახურონ ხალხს. ამისთვის მათ ყველა შესაძლებლობა ამოეწურათ”, – აცხადებს ალანია.

მისი ვარაუდით, ცვლილება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტარიფზეც აისახება. “ვერ გეტყვით, რა მაჩვენებლით მოიმატებს ტარიფი, ეს დამოკიდებულია როგორც სავალუტო კურსზე, ასევე საწვავისა და გაზის ფასზე. ნაკლებად მაქვს იმედი, რომ შემოდგომიდან ამ მხრივ ვითარება დასტაბილურდება, ასეთ პოზიტიურ ცვლილებას არ ველოდები. მძღოლებს სხვა გამოსავალი არ რჩებათ და იძულებული არიან, ტარიფს გადახედონ. სხვა შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ იმუშავებს. ცხადია, ცვლილება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმართულებითაც იქნება. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ წინაპირობას, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ყვითელ ავტობუსებს არ ნიშნავს. მომსახურების სერვისს ყველა მათგანი გააძვირებს”, – დასძენს ლავრენტი ალანია.

ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებას ავტოსადგურებში კატეგორიულად უარყოფენ. “დიდუბის ავტოსადგურის” დირექტორი ნესტორ მიქატაძე ირწმუნება, რომ მგზავრებისთვის მომსახურების ტარიფი არ შეიცვლება.

“ტარიფის გადახედვა დღის წესრიგში არ დგას. დარწმუნებული ვარ, ასეთ გადაწყვეტილებას არც შემოდგომაზე და არც ზამთარში არ მივიღებთ. ჩვენი საქმიანობა მიმართულია იქითკენ, რომ მგზავრებს მომსახურების პირობები გავუუმჯობესოთ. ცხადია, ვგულისხმობთ ტარიფსაც, რომ მგზავრებისთვის მისაღები იყოს. ჯერ კიდევ ოქტომბერში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,75 იყო, ახლა 2,33-ია, ეროვნული ვალუტა მთელი 30%-ით გაუფასურდა, მაგრამ ამ მიზეზით მგზავრობის გაძვირება არც გვიცდია. ბაზარზე დიდი კონკურენციაა, ბევრი ავტოსადგურია და ნებისმიერი გაძვირება დაგვაზარალებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, კონკურენტუნარიანი და ფასის მიმართ ფრთხილი ვიყოთ. არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც, შესაძლოა, ჩვენვე დაგვაზარალოს”, – აცხადებს მიქატაძე.

განსხვავებული აზრი აქვთ თბილისის მიკროავტობუსის მძღოლებს. ისინი “რეზონანსთან” საუბრისას ადასტურებენ, რომ ტრანსპორტის შენახვის საშუალებაც არ აქვთ, რადგან დიდი ხარჯის გაწევა უწევთ. “პრობლემა მხოლოდ საწვავის ფასში არ არის, სათადარიგო ნაწილებიც გაგვიძვირდა. ჩვენი “მარშრუტკები” იმდენად უხარისხოა, კვირაში ერთხელ მაინც რაღაც ნაწილის შეცვლა გვიწევს. მთელი დღის მუშაობის შემდეგ საჭმლის ფული არ გვრჩება, რომ სახლში სურსათი მივიტანოთ. საწვავის ფასიც ინტენსიურად მატულობს. ან უნდა გავჩერდეთ, ან მგზავრობა გავაძვიროთ. არჩევანის საშუალებაც არ გვაქვს”, – ამბობს ახალგაზრდა მძღოლი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

ე.წ. ყვითელი ავტობუსის ასევე ინკოგნიტო მძღოლი ამბობს, რომ მგზავრობა 20 თეთრით გაძვირდება. “მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ყველა მძღოლმა იცის. კომპანიის ხელმძღვანელობისგან გავიგეთ, რომ ტარიფის გადახედვა იგეგმება. ცხადია, ხალხის უკმაყოფილება არ უნდათ და ბოლო მომენტამდე შეეცდებიან ამ ინფორმაციის დამალვას. მით უმეტეს, ახალი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება, რომელიც ბევრად კომფორტული იქნება. ვეჭვობ, ახალი ტრანსპორტი მგზავრებს ძველი ტარიფით მოემსახუროს”, – ამბობს მძღოლი.

ტაქსის მომსახურების გაძვირებაზე რამდენიმე თვით ადრე ითქვა. “ტაქსისტები” აცხადებენ, რომ ტარიფზე ბევრს მსჯელობენ და უკვე შემოდგომიდან მგზავრებს ახალ ფასს შესთავაზებენ. “თბილისში ტაქსების გადაჭარბებული რაოდენობის გამო ისედაც ჭირს მუშაობა. ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში თითო-ოროლა მგზავრის გადაყვანას ძლივს ვახერხებთ. გაზი შედარებით იაფი ღირდა და მუშაობაც გვიღირდა, ახლა კი სხვა რეალობაა. რაც უნდა მოვინდომოთ, თავს ზემოთ ძალა არ არის, მგზავრობის გაძვირება მოგვიწევს. ვცდილობთ, მომხმარებლისთვის ფასში საგრძნობი სხვაობა არ იყოს, თუმცა რა დონეზეც უნდა გაძვირდეს, მგზავრებისთვის მტკივნეული იქნება”, – ამბობს გიო გამყრელიძე, ტაქსის მძღოლი.

წყარო: გაზეთი “რეზონანსი”   20.05.15