პრემიების გაცემის მახინჯი პრაქტიკა რეგიონულ თვითმმართველობებშიც გრძელდება. მას ამ ეტაპზეც თვითნებურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გასცემენ და ამ ტენდენციამ სახელისუფლო სტრუქტურებში მყარად გაიდგა ფესვი.

ამ მხრივ საგანგაშოა კვლევა, რომელიც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა. ის მოიცავს ანგარიშს სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და აჭარის თვითმმართველობებში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამინისტროებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა 2014 წლის პირველი იანვრიდან მაისის ჩათვლით გაცემულ თანხებს ეხება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა და გამოქვეყნებული კვლევებისა, სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა და პრემიების გაცემის მანკიერი პრაქტიკა კვლავ გრძელდება.

2014 წლის 1-ლი იანვრიდან მაისის ჩათვლით სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველობებში პრემიის სახით ჯამში 2 მილიონ 135 ათას ლარზე მეტი გაიცა. ყველაზე დიდი ოდენობით პრემია თვითმმართველ ქალაქ ფოთში (346 თანამშრომელზე 564 106.1 ლარი), ზუგდიდის (170 თანამშრომელზე 383 584.5 ლარი), აბაშის (158 თანამშრომელზე -344 150 ლარი). სენაკისა (198 თანამშრომელზე 247 940 ლარი) და მარტვილის (156 თანამშრომელზე 229 990 ლარი) მუნიციპალიტეტებში გაიცა. ხობის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და საჯარო მოხელეებს მიმდინარე წელს პრემია არ აუღიათ.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემია სამჯერ აიღეს, ჯამში თანაბრად 7950 – 7950 ლარი. ამავე პერიოდში სამჯერ აიღო პრემია ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვასილ თოდუამ – ჯამში 7550 ლარი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუამ – 8250 ლარი.

სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ 2014 წლის პირველ ხუთ თვეში პრემია ორჯერ აიღო, ჯამში 5300 ლარის ოდენობით. ამდენივე პრემია მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ხაბურზანიამ. აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმაც იანვრიდან მაისის ჩათვლით სამჯერ აიღო პრემია, ჯამში 7950 ლარის მოცულობით. მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზიამ კი პირველ ხუთ თვეში ორჯერ მიიღო 5300 ლარი. ამავე ოდენობის პრემია მიიღო ყოფილმა გამგებელმა მამუკა დანელიამ.

”საერთაშორისო გამჭვირვალობის” ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ არჩილ თოდუას ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პრემიები ”ძალიან მოკრძალებული რაოდენობით” მიიღეს -ჯამში 15 172 ლარი.

”ჩვენ ამ საკითხზე წლების განმავლობაში არაერთი ბლოგი და კვლევა გამოვაქვეყნეთ. აქტიურად მოვუწოდებდით როგორც წინა, ასევე ამ ხელისუფლებას, მიეღოთ რაიმე სახის წესი პრემიის გაცემის შესახებ. მანკიერი პრაქტიკა, რაც თვითმმართველობებშიც არის დამკვიდრებული, ერთხელ და სამუდამოდ რომ მოგვარებულიყო. როგორც კვლევამ გვიჩვენა, უზარმაზარი პრემიების გაცემა დღემდე გრძელდება”, – აღნიშნა არჩილ თოდუამ.

გურიის მხარის მუნიციპალიტეტებში 2014 წლის პირველ ხუთ თვეში პრემიის სახით ჯამში 580 ათას ლარზე მეტი გაიცა. ყველაზე მეტი მოცულობის პრემია დაფიქსირდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში – 205 თანამშრომელზე 262 875 ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 210 თანამშრომელზე 103 097 ლარი გაიცა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი – 191 თანამშრომელზე 214 060 ლარი. გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პრემია არ მიუღიათ. ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილმა 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემია ორჯერ, ჯამში 5300-5300 ლარი აიღეს. ამავე პერიოდში იგივე ოდენობის პრემია მიიღეს ჩოხატაურის გამგებელმა თამაზ ჯინჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძემ.

რაც შეეხება აჭარის თვითმმართველობებს, კერძოდ, ხულოს, ქედას, ხელვაჩაურისა და ქობულეთის გამგეობასა და ბათუმის მერიაში 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემიის სახით ჯამში 1 861 197 ლარია გაცემული. აქედან, ყველაზე მეტი – 1 მილიონ ლარზე მეტი პრემიის სახით ბათუმის მერიის 471 თანამშრომელმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიაში პრემია ხუთივე თვეს გაიცა.

რაც შეეხება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ერმაკოვს, მან 2014 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით პრემიის სახით 5535 ლარი მიიღო, მისმა წინამორბედმა ჯემალ ანანიძემ კი 2014 წლის იანვარში – 2250 ლარი. 2014 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პრემია 5300 ლარის ოდენობით მიიღეს ხულოსა და ქობულეთის გამგებლებმა. ამავე პერიოდში ხელვაჩაურის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის პრემიამ 4505 ლარი შეადგინა, ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ კი 3975 ლარის მოცულობის პრემია მიიღო.

უცნობია, რა რაოდენობით გასცა პრემია ქუთაისის მერიამ, ხონის, ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების გამგეობებმა. ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობებმა და საკრებულომ. მათ, როგორც კვლევაშია მითითებული, გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია არ გასცეს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის, რომლის მიხედვით, პრემიის გაცემის წესი უნდა დარეგულირდეს არა მარტო ცენტრალურ სახელმწიფო, არამედ მთლიანად ყველა საჯარო უწყებაში, რადგან ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი არათანაბარი მიდგომა კიდევ უფრო უმართავს გახდის პრემიების გაცემის სისტემას.

”თუ ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტებს, თვითონვე დაარეგულირონ პრემიის გაცემის წესი საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებებით. მათ ამის უფლება აქვთ და კანონი არ ზღუდავს. ამასთან, საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმები უნდა დაწესდეს. აუცილებლად უნდა წახალისდნენ მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებმაც გამორჩეულად კარგად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას. პრემიების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ინდივიდუალურად. საჯარო მოხელეებმა მაქსიმუმ სამჯერ უნდა აიღონ პრემია”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

23.07.14

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”