ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 700 ათასზე ნაკლებია მაშინ, როდესაც პენსიონერთა რიცხვი 800 ათასს აღემატება

საქართველოში უცხოურ ვალუტაში გადაყვანილი პენსიის ოდენობა შემცირდა. თუ ლარის დევალვაციამდე საშუალო პენსია 85 დოლარი იყო, დღეს ის უკვე 64 დოლარს შეადგენს და რეგიონში უდაბლესი მაჩვენებელია. საშუალო ხელფასით კი მხოლოდ სომხეთსა და მოლდოვას ვუსწრებთ. საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში პენსია საშუალო ხელფასის მხოლოდ 17,1%-ს შეადგენს და ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სპეციალისტების შეფასებით, პენსიასა და საშუალო ხელფასს შორის არსებულ დისპროპორციას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ხელფასის მიმღებთა რაოდენობა და პენსიონერთა რიცხვი, რომელიც ბოლო რამდენიმე ათეული წელია მუდმივად იზრდება. ამ დროს ხელფასის მიმღებთა რიცხვი, პრაქტიკულად, არ იცვლება.

საქართველოში ასაკით პენსიონერის საშუალო პენსია 150 ლარი, დღევანდელი კურსით დაახლოებით 64 დოლარია. ეროვნული ვალუტის დევალვაციამდე ის 85 დოლარი იყო. საშუალო ხელფასი კი 870 ლარს, ანუ დაახლოებით 371 დოლარს შეადგენს. ლარის გაუფასურებამდე კი ეს მაჩვენებელი 468 დოლარი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი პენსიონერის პენსია საშუალო ხელფასის მხოლოდ 17,1%-ია.

მეზობელ რუსეთში ასაკით პენსიონერს, საშუალოდ, 11 569 რუბლი ეძლევა, რაც დაახლოებით 228 დოლარია (დღეს არსებული კურსით), საშუალო ხელფასი კი – 32 000 რუბლი, ანუ 630 დოლარი. გამოდის, რომ რუსეთში საშუალო პენსია საშუალო ხელფასის 36%-ს უტოლდება.

საშუალო პენსიისა და საშუალო ხელფასის თანაფარდობა არც თუ განსხვავებულია მეზობელ აზერბაიჯანში. იქ საშუალო პენსია 173 მანათია (დაახლოებით 165 დოლარი, ხელფასი კი – 444,4 მანათი (დაახლოებით 425 დოლარი). აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანელების პენსია საშუალო ხელფასის 38%-ს შეადგენს. საქართველოსთან შედარებით საშუალო ხელფასი დაბალია სომხეთში, თუმცა პენსია – მაღალი. სომხეთში ხელფასი 173 000 დრამია, დღევანდელი კურსით 360 დოლარი, პენსია კი 41 000 დრამი, თითქმის 85 დოლარია. პენსიასა და ხელფასს შორის თანაფარდობა 23%-ია.

ჩვენთან შედარებით საშუალო პენსია მაღალია უკრაინაშიც. იქ ასაკით პენსიონერი თვეში 1670 გრივნას, დღევანდელი კურსით დახალოებით 82-83 დოლარს იღებს. რაც შეეხება საშუალო ხელფასს, 3310 გრივნას უტოლდება და 161 დოლარს შეადგენს. გამოდის, რომ უკრაინაში საშუალო პენსია საშუალო ხელფასის თითქმის 50%-ია. ბელორუსში ეს თანაფარდობა 41%-ია, რამეთუ იქ საშუალო პენსია 2 690 000 ბელორუსულ რუბლს, დაახლოებით 188 დოლარს შეადგენს, ხოლო საშუალო ხელფასი – 6 483 700 ბელორუსული რუბლი, ანუ 455 ლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბელორუსში ინფლაციის შედეგად, პრაქტიკულად, ყოველწლიურად იზრდება ხელფასისა და საშუალო პენსიის მოცულობა. შარშან, ოქტომბერში, ინდექსაციის შედეგად, პენსიაც და ხელფასიც 13%-ით გაიზარდა.

კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მოლდოვაში, მართალია, ხელფასი, საქართველოსთან შედარებით, დაბალია, თუმცა პენსია საშუალო ხელფასის 28%-ს მაინც უტოლდება. მოლდოვაში საშუალო ასაკობრივი პენსია 1 170 ლეია (დაახლოებით 65 დოლარი), საშუალო ხელფასი კი – 4 241,2 ლეი (დაახლოებით 235 დოლარი).

დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს. აქ ასაკობრივი პენსია 150 ლარს შეადგენს და მისი გაზრდა 10 ლარით მხოლოდ სექტემბრიდან იგეგმება. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ფონზე 6,6%-ით გაზრდილი პენსია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პრაქტიკულად, 7,8%-ით გაუფასურებული იქნება. სპეციალისტთა პროგნოზით, მომატებული 10 ლარიდან, 8 ლარს ინფლაცია ”შეჭამს”. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ფასთა მატება მიზნობრივ, 5%-იან მაჩვენებელს არ გადააჭარბებს. უფრო მაღალი ინფლაციის პირობებში კი ”დანაკარგი” უფრო დიდი იქნება. ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში კი, სადაც ინდექსაციის კანონი მოქმედებს, პენსია თითქმის ყოველწლიურად მის შესაბამისად იზრდება.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში საშუალო პენსიისა და საშუალო ხელფასის ასეთ თანაფარდობას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ პენსიონერთა რიცხვი ხელფასის მიმღებთა რაოდენობაზე მეტია.

”საქართველოში საშუალო პენსია ხელფასის 17%-ს შეადგენს და ეს საკმაოდ მცირეა. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი შრომისუნარიანი მოსახლეობის პენსიონერებთან თანაფარდობა არის საკმაოდ განსხვავებული. ჩვენ უფრო მეტი პენსიონერი გვყავს, ვიდრე დაქირავებით დასაქმებული. ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 700 ათასზე ნაკლებია მაშინ, როდესაც პენსიონერთა რიცხვი 800 ათასს აღემატება, ე.ი. პროპორცია აბსოლუტურად ამოყირავებულია. წესით, ხელფასის მიმღებთა რაოდენობა პენსიონერებზე 3-ჯერ მეტი მაინც უნდა იყოს, რომ ქვეყანაში რაიმე სწორ, გამართულ და დაბალანსებულ სახელფასო პოლიტიკაზე ვისაუბროთ. გარდა დასაქმებულებისა, პენსიონერებთან შედარებით, ჩვენ 2-ჯერ ნაკლები ბავშვი გვყავს, ვიდრე სომხეთს, 3-ჯერ ნაკლები, ვიდრე აზერბაიჯანს და 4-ჯერ ნაკლები, ვიდრე თურქეთს. ასეთ პირობებში მარტო ეფექტური ან მეტ-ნაკლებად წარმატებული სოციალური პოლიტიკით პენსიონერთა მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება შეუძლებელია. ჩვენ გვინდა უფრო დინამიკური ეკონომიკური ზრდა, რომ პენსიონერთა კეთილდღეობა მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდეს”, – განუცხადა ”ბიზნეს-რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ბიუჯეტიდან სოციალურ მუხლებზე დაახლოებით 40-45% იხარჯება მაშინ, როცა ევროპაში ეს ხარჯი დახალოებით 68%-ს შეადგენს: ”აქ რომ ევროკაშვირის სტრუქტურა იყოს, ჩვენ უნდა სოციალური მიმართულებით (ვგულისხმობ ჯანდაცვას, განათლებას, საპენსიო უზრუნველყოფას, სოციალურ დაცვას) დამატებით 1,3-1,5 მლრდ ლარი უნდა გამოგვეყო. ამის საშუალება ქვეყანას, სამწუხაროდ, არ გააჩნია. გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორისა, ასეთ დისპროპორციაზე მოსახლეობის დაბერების დინამიკაც მოქმედებს, რაც საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ბოლო 25 წლის განმავლობაში დაახლოებით 8 წლით გაიზარდა საქართველოს მოსახლეობის მედიანიური ასაკი. ეს საკმაოდ დიდი ციფრია და მნიშვნელოვნად აღემატება არა მარტო სომხეთის, არამედ აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების მაჩვენებელს”, – დასძინა არჩვაძემ.

რაც შეეხება საშუალო ხელფასს, არჩვაძის თქმით, აქ პრობლემა არა იმდენად ხელფასის ოდენობა, არამედ ამ ხელფასის მიმღებთა რაოდენობა წარმოადგენს. ”პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან ხელფასის მიმღებთა რაოდენობა არის ძალიან მცირე. როდესაც ამ ხელფასს მოსახლეობის რაოდენობაზე გადავანაწილებთ, მაშინ ერთი ოჯახის ყველა წევრზე მიღებული ხელფასის სიდიდე იქნება საკმაოდ მოკრძალებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია”, – განაცხადა არჩვაძემ.

იმისათვის, რომ ეს მაჩვენებლები გაუმჯობესდეს, არჩვაძის თქმით, საჭიროა სწორი საპენსიო რეფორმის გატარება. ამასთან, აუცილებელია დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესება და დასაქმების ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ბიუჯეტში მეტი შემოსავალი შევიდეს და უკვე ამის ხარჯზე მოხერხდეს არაშრომისუნარიანი და ხანდაზმული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

წყარო: გაზეთი ,,რეზონანსი”