“საქართველო იღებს ვალს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის”

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მთავრობის მიერ გაცხადებული, 6%–იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შეუსრულებლობას ე.წ კოჰაბიტაციით ხსნის.

მინისტრის თქმით, მთავრობა წლის დასაწყისში 6 %–იან ზრდას ელოდა, თუმცა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებმა, „ე.წ კოჰაბიტაციამ, პრეზიდენტის მხრიდან ხელის შეშლამ და სხვა სუბიექტურმა და ობიექტურმა ფაქტორებმა საქართველოს ეკონომიკა მიიყვანა იქამდე, რომ ის 6%–ით ვერ გაიზარდა.“

„წელს საქართველოში არის 2, 5 ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ჩვენ ველოდით რომ წლის დასაწყისში ის იქნებოდა 6 %, სამწუხაროდ ჩვენს პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებმა – ე.წ კოჰაბიტაციამ და პრეზიდენტის მხრიდან მუდმივად ხელის შეშლამ, ასევე სხვა ფაქტორებმა, რომელთა ნაწილი სუბიექტურია და ნაწილი ობიექტური, მიგვიყვანა იქამდე, რომ წელს ეკონომიკა სამწუხაროდ 6 %–ით ვერ გაიზრდება,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, საქართველო ვალს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის აიღებს.

,,საქართველო იღებს ვალს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ანუ ეს არ არის ვალი ვალისთვის, ეს არის ვალი, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს ინფრასტრუქტურას და მომავალში ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას,“ – აცხადებს ხადური.

მისივე განცხადებით, კერძო სექტორში არის ზრდა.

„მაგალითად მშენებლობა არის ის სექტორი, სადაც ყველაზე მეტადაა შემცირება, თუმცა შემცირებულია მხოლოდ სახელმწიფო მშენებლობა და კერძო სექტორში მშენებლობა 10 %–თაა გაზრდილი. შესაბამისად კერძო სექტორში არის პროცესები, რომლებიც ძალიან დიდ იმედებს იძლევა. რაც შეეხება მომხმარებლის შემცირებას და დანაზოგების ზრდას, ბაზარზე ამის ტენდენცია არ არის და მოსახლეობა საკმაოდ იმედიანად უყურებს 2014 –წელს,“ – დასძინა მინისტრმა. 2013-11-06
წყარო: commersant.ge