ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის სოფო მოსიძის კითხვის – “რა რეაქცია გქონდათ, როდესაც ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ დვანში მაცხოვრებელი სამი ოჯახი საკუთარი ხელით შლის საცხოვრებელ სახლებს?”, – საპასუხოდ განაცხადა.
“კითხვაც არის და კითხვაც, რა რეაქცია უნდა მქონოდა? როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩემი რეაქცია არის უარყოფითი, ძალიან შეგრძნებადი. იმ წუთის რეაქციებზე საუბარი არ არის ჩემი აზრით, კორექტული. რეაქცია გვქონდა ადეკვატური და დღესაც გვაქვს. მთავრობის სხდომაზე ამას ძალიან დიდი დრო დავუთმეთ და დღესაც სერგეენკო მიდის ადგილზე და ალბათ, უკვე ჩასულია და მთავრობს სხვა წევრებიც ჩავლენ. კომისია არის შექმნილი და მაქსიმალურად ვცდილობთ, მხარში დავუდგეთ მოსახლეობას, რომ ის, რასაც ე.წ. საზღვარზე რუსი სამხედროები უკანონოდ აკეთებდნენ, ჩვენ მაქსიმალურად აწეული გვაქვს ეს თემა. არც ერთ შეხვედრას არ ვუშვებთ, არც ერთ საშუალებას არ ვუშვებთ, რომ არ გავაკრიტიკოთ, ან არ მოვითხოვოთ დახმარება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მავთულხლართების გაბმის პროცესი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და 2009 წლიდან მუდმივად გრძელდება.
“მუდამ გვიკიჟინებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომ “არაფერს აკეთებთ”, “მიდის მცოცავი ანექსია”. ახლა სააკაშვილი მე მთხოვს შეხვედრას, რომ დამეხმაროს პროცესებში როგორ გავერკვეთ და ამას “ნაციონალური მოძრაობს” წევრებიც ითხოვენ”, – განაცხადა პრემიერმა.   02.10.2013

წყარო: www.pirweli.com.ge