გაუფასურებული ლარის შემდეგ მოსახლეობის მორიგი თავსატეხი, 3-4 თეთრით გაძვირებული დენის ტარიფია, რომელიც ზამთარში მძიმე ტვირთად დააწვება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობას შარშანდელთან შედარებით, კიდევ უფრო რთული ზამთარი ელის. ”არც შემოდგომაა სახარბიელო, ხომ ხედავთ რაც ხდება, თუმცა მოსახლეობას კიდევ უფრო რთული ზამთარი ელის. გაძვირებული პროდუქტები, გაძვირებული დენის ტარიფი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი ყველას ჯიბეზე ძალიან მძიმედ აისახება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლარის შემდგომი გაუფასურებაც არ არის გამორიცხული. ეს კი ერთობლიობაში მოგვცემს სერიოზულ ასახვას მოსახლეობის შემოსავალზე. ელექტროენერგიის გაძვირების გამო, პროდუქტი კიდევ გაძვირდება. პურის მწარმოებელს მოუწევს ფასის გაზრდა, რადგან პურის ცხობისთვის ელექტროენერგიაა საჭირო. ფასი ჯერჯერობით არ გაძვირებულა, იმის გამო, რომ სახელმწიფომ მოახდინა სუბსიდირება. ეს კი გადასახადების გადამხდელებზე აისახა, ისინი იხდიან იმ გადასახადებს, რომელიც შემდეგ სუბსიდიის სახით უბრუნდება მის ჯიბეს უარყოფით კონტექსტში”, – განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში გია ჯაფარიძემ.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ რთული ზამთარი რამდენიმე ფაქტორით იქნება განპირობებული.
 “ვერ გეტყვით რამდენად ძვირი იქნება ეს ზამთარი, თუმცა ინფლაციის მაჩვენებელმა უკვე შეადგინა 5,8% და ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა კვლავ მოსალოდნელია. ინფლაციის მატება დამოკიდებულია ბიუჯეტზე და ეროვნულ ბანკზე, თუ როგორი მონეტარული პოლიტიკა იქნება გატარებული ეროვნული ბანკის მიერ. მართლია ელექტროენერგიის ფასმა მცირედით მოიმატა, თუმცა ელექტროენერგიის მატება უკვე აისახა ინფლაციის მაჩვენებელზე, რომელიც 5%-ს ფარგლებში იყო და ამ თვეში ინფლაციურმა მაჩვენებელმა 5%-ს გადააჭარბა, ანუ გადასცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ინფლაციური მაჩვენებლის ზრდა მხოლოდ ტარიფებმა გამოიწვია, ამას აქვს სხვადასხვა მიზეზები. რაც შეეხება ლარის კურსს, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ვალუტის შემოწმება და ბიუჯეტი. თუ ბიუჯეტის დეფიციტი იქნება მაღალი, ლარს საფრთხე შეექმნება, თუ ბიუჯეტი გაწონასწორდება ლარის მნიშვნელოვანი რყევა არ იქნება მოსალოდნელი. ეს კი იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი სწორ მონეტარულ პოლიტიკას გაატარებს”

ექსპერტთა თქმით, ზამთარი განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის გართულდება, ვისაც საბანკო ვალდებულება დოლარში აქვთ აღებული, რადგან ეროვნული ვალუტა თითქმის 30%-ით გაუფასურდა. ასეთი ადამიანების რაოდენობა კი უამრავია.

წყარო: www.bpn.ge/  24.11.15