სახელწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, 2013-2014 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმომადგენლობით ხარჯებზე, რომელიც სასტუმრობისა და რესტორნების მომსახურების ხარჯებს ითვალისწინებს, ჯამში 2,9 მილიონი ლარი დახარჯა. აქედან 2013 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 1,859,7 ლარი, ხოლო 2014 წელს 1,082,2 ათასი ლარი გაიცა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აღრიცხულ ხარჯებში შესულია: გასული წლის 11 მარტს რესტორან ,,მცხეთის დარბაზში“ ბელორუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დელეგაციის გასამასპინძლებლად გამართული ვახშამი. გაწეული მომსახურებისთვის შპს ,,გუჯარიმ“ 4.5 ათასი ლარი მიიღო. ბელორუსის დელეგაციისთვის 2 დღის განმავლობაში, ჯამში 16,4 ათასი ლარი დაიხარჯა.

2014 წლის 24 აპრილს, რესტორან ,,ფუნიკულიორში“ გაიმართა ვახშამი 25 პირზე, ისრაელიდან სტუმრად მყოფი პირების გასამასპინძლებლად, რისთვისაც შპს ,,ჯი ემ თი მთაწმინდისთვის“ გადახდილია 9,5 ათასი ლარი. წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას ზოგიერთ შემთხვევაში გაურკვეველია სტუმრების ვინაობა და მათი რაოდენობა. მაგალითად, 2014 წლის 8 მაისს ბათუმში გამართულ ვახშამზე 3,6 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაციით, სტუმრების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. „ 2014 წლის 30 მაისს ქ. ბათუმში პოლიციელის დღის აღსანიშნავად გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და ვახშამი მოწვეული სტუმრებისთვის. ვახშამი გაიმართა სასტუმრო „შერატონში“ 400 პერსონაზე, რისთვისაც სს „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთისთვის“ გადახდილია 55.6 ათასი ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტებით არ ფიქსირდება თუ ვინ და რამდენი პირი იმყოფებოდა სტუმრის რანგში“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

წყარო: www.bpn.ge  24.11.15